“პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლების გახსნასთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაციაა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს.

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების მატება აღინიშნება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს ივლისში დაფიქსირდა.

„როგორც არასრულწლოვანებში, ასევე ორსულებში ინფექციის მატება მიმდინარეობს, თუმცა როგორც ივლისის დასაწყისში იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დღეს ეს მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანებში არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ ამას თავისი მიზეზი გააჩნია – მშობლების მეტად გააქტიურება და ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, ასევე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებისგან თავის არიდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები