„ზვიადი საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო, ამ დროს, გარდაცვლილი იყო…“

„აფექტში იყო, სამივე დაჭრილი ზურამ  მიიყვანა საავადმყოფოში. მის ძმას, ზვიადს  მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო. არადა, ამ დროს, ზვიადი გარდაცვლილი იყო“ – განაცხადა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ და აღნიშნა, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ბოლომდე გვერდში დაუდგება.  

„ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და დღემდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან ვინმეს ჩაგრავდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. ის არის სამართლიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველას დახმარების ხელს უწვდის. სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი, სამართლიანი ადამიანი უსამართლოდ არ უნდა ისჯებოდეს“ – განაცხადა ჭრიკიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

ძიუდოისტმა ორივე ოჯახს მიუსამძიმრა, რომლებსაც შვილები დაეღუპათ და აღნიშნა, რომ მომხდარს თავად ზურაბ ზვიადაური საშინლად განიცდის.  

„თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვას. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ… რომ ესვრიან რომ გიკლავენ… იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ, მე კი არა ის 90%-იც დასაჭერია“, – აღნიშნა ჭრიკიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა, პირველი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. რაც შეეხება თავდებობის საკითხს, საკმაოდ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც ზურაბ ზვიადაურს თავმდებში უდგებიან.  

მსგავსი თემები