თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პედაგოგების 40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67% ვაქცინირებულია

სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფში 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია.

„რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით 30-დან 40%-მდე სამიზნე ჯგუფის უკვე ვაქცინირებულია. რაც რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. „ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ საკმარისი რაოდენობა მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები