“დიდი ალბათობით, გიგი უგულავა საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება, ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავა, რომელიც დიდი ალბათობით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან იბრძოლებს, „გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში“.

როგორც მელია აღნიშნავს, გიგი უგულავას ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება იმ პროცესში, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება.

„უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი. ეჭვი, რომ მეპარებოდეს არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში“,- აღნიშნავს მელია.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს.

მსგავსი თემები