“ნუ ეძებთ ანტიქრისტეს ჩიპებში და ვაქცინებში” – მამა ლუკა ფალავანდიშვილი ანტივაქსერებს მიმართავს

ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ამჯერად ანტივაქსერებისთვის საგულისხმო პოსტს წერს. სასულიერო პირის ფეისბუქმიმართვას საკმაოდ ბევრი გაზიარება აქვს.

მამაო ერთ-ერთი პირველი იყო სასულიერო პირთაგან, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია გაიკეთა.

არ დავცინი არც ანტივაქსერებს და არც პროვაქსერი ვარ, მე ქრისტიანი ვარ და ვცდილობ ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლეს გავუფრთხილდე, ჩემსასაც და სხვისასაც!

დიახ, ვეთანხმები ყველას, ვინც მეცნიერულად უყურებს ამ საკითხს და ამბობს, რომ არ ვიცით, ორი და სამი წლის შემდეგ, რა შედეგი მოჰყვება აცრას, თუმცა ვაქცინის შექმნა ერთ და ორ დღეში არ უსწავლიათ მეცნიერებს და შესაბამისი სამომავლო შედეგების დადებითი დინამიკა გათვლილია.

რაც შეეხება ანტივაქსერებს, რომლებიც გამოჩხრეკით არიან დაკავებული, რაც ცოდვათა ნუსხაშია, მათ მინდა ვუთხრა: ვკითხულობ თქვენს პოსტებს და მიკვირს, ენდობით ადამიანებს, რომლებიც გიყვებიან თუ როგორ გარდაიცვალნენ ორი აცრის შემდეგ ბებიამისის მეზობლის ძმისწულები, მათი ახლონათესავების დაქალის მაზლები, შემდეგ მოგყავთ თქვენს მიერ წაუკითხავი და თქვენივე ან სხვათა ინტერპრეტირებული სახარების თავები და ადგენთ:

რომ ეს არის შეთქმულება დემონებისა ადამიანთა წინააღმდეგ.

კი, აი 8000 წელზე მეტია სატანა ცდილობს ადამიანთა მოტყუებას და თქვენ გაშიფრეთ!

ასე არაა ჩემო კარგებო. ტექნიკურ-მეცნიერული მეთოდებით არ შეეცდება ანტიქრისტე ადამიანთა სულების წარტაცებას. აქ სარწმუნოებრივი და პირადი სულიერი დაცემა და გადაწყვეტილება იქნება საჭირო, რომ ადამიანმა ქრისტე უარყოს და მისი ნაცვალი გააღმერთოს.

ისეთი მეთოდით, როგორც თქვენ გგონიათ, ანტიბიოტიკში ან სულაც სხვა რამეში შემოგაპარებს ჩიპებს და მსგავს მასობრივი მართვის მექანიზმებს და ნებას წაგართმევს.

მაგრამ დაფიქრდით, განა ღმერთი დაგვსჯის ნებაწართმეულ მოტყუებულ და მოკვდინებულ ადამიანებს?

არა, აქ სწორედაც რომ ლაპარაკია, ჯანმრთელად მყოფ ადამიანზე, რომელიც ნებას თავისი სისუსტის გამო, იმიტომ რომ მას ქრისტე აღარ სჭირდება, ამის გამო სხვას გააქრისტევებს, ანუ საკუთარ თავს, ვნებებს და სურვილებს.

ამას ერიდეთ და არა, იმ მეცნიერებას, რომელიც ღვთისაგანაა და ღრმად მწამს, რომ წამალიც და მედიცინაც კაცობრიობას ღმერთმა დაუდგინა ადამიანის დაზიანებული სხეულის საკეთილდღეოდ.

მორჩით მჩხრეკელობას და მიმოწვილველობას. ნუ ეძებთ ანტიქრისტეს ჩიპებში და ვაქცინებში. ქრისტეც და ანტიქრისტეც ორივე ჩვენშია და არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია, გონებით და მარჯვენათი, ანუ ქმედებით. პირდაპირ გაგება ყველაფრისა სექტანტიზმია.

ქრისტე ამბობს, მე ვარ კარიო და მაშინ ყველა ალაყაფის კარს ვემთხვიოთ! მოუსმინეთ თქვენს გულებს, ეჭვიანობა დიდი სიცრუეა და სისუსტე, მდგრადი და მტკიცე სულის მქონე ქრისტიანები არაფერს არ შეუშინდებიან, არც კორონას და არც ვაქცინას. უბრალოდ მზრუნველობა დაგვრჩა, თუნდაც მომავალი თაობებისთვის, ვინც უკვე დიდი გამოცდილებით შეხვდებიან სხვა დაავადებებს, ისევე როგორც ჩვენ შევხვდით, თუმც გვგონია, რომ უძლურები ვართ!!!

იესო ქრისტე იყოს ჩვენი სიცოცხლის და მარადიული ცხოვრების მფარველი და მომნიჭებელი ამინ!!!,” – წერს მამა ლუკა.

მსგავსი თემები