„საერთოდ, რატომ ჰყავთ დაკავებული, საკუთარ და სხვების სიცოცხლეს იცავდა“ – ადვოკატი ზურა ზვიადაურზე

ოლიმპიური ჩემპიონის,  ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველი ტარიელ მურმანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაურის დაკავების მოტივი არ არსებობს, რადგანაც ის საკუთარ და სხვების სიცოცხლეს იცავდა. ადვოკატი ბრალის წაყენების მოტივს და მიზეზსაც ვერ ხედავს.   

„საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ სამართლებრივი კუთხით.  გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მის ქმედებაში არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა. მას მართლსაწინააღდეგოდ არ უმოქმედია.  მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა საკუთარ სიცოცხლეს და ასევე, ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ველოდები, რომ  პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით“ – აცხადებს ადვოკატი. 

ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, ზურაბ ზვიადაური ადგილზე სიტუაციის განსამუხტად და ძმის წამოსაყვანად მივიდა.

„მისი ნათქვამიდან ვიცი რაც მოხდა.  მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა  ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია. ისროდნენ მისი ძმისა და ძმის მეგობრის მისამართით და ნასროლმა ტყვიებმა ეს ადამიანები იმსხვერპლა, ეს არის ცხადი.  მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ზვიად ზვიადაურსა და მის მეგობარს რამდენჯერმე ესროლეს. ეს მოხდა მათი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად“ – განუცხადა ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები