მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ – პრემიერი

„ჩვენ, ყველანი, მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ და ამით ვიჩენთ და ვაძლევთ მაგალითს სხვებს“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა აცრის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში უპრეცენდენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რასაც შენარჩუნება სჭირდება, ეს კი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია.

„ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის სწორედ ვაქცინაცია. მე დავღალე ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს ამის საჭიროება და აუცილებლობა, იმიტომ, რომ ვაქცინაცია, რომელიც არის გამოგონებული, შექმნილი, მეცნიერების მიერ, საუკეთესო მეცნიერების მიერ მსოფლიოში, არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დაგვამარცხებინებსჩვენ, თქვენთან ერთად, პანდემიას და შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნის. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ.

შემოვიტანეთ საუკეთესო ვაქცინები. მოსახლეობას აქვს ფართო არჩევანი, მიიღოს მაგალითად ახალი თაობის ვაქცინა, როგორიც არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, თუ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინა, როგორიც არის „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, რომლითაც მსოფლიოში უკვე მილიარდობით ადამიანია აცრილი. ეს ყველაფერი გამოცდილია, აპრობირებულია და ამას ზედმეტი ეჭვის თვალით ყურება არ სჭირდება, რომ მივუდგეთ ამ საკითხს გონივრულად და პრაგმატულად.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ, ყველანი, მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ და ამით ვიჩენთ და ვაძლევთ მაგალითს სხვებს. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება არაერთი საშუალებით, იქნება ეს ტელევიზია, სხვადასხვა საშუალება, სოციალური მედია თუ სხვა, მაგრამ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და სხვას არავის. მთავარი არგუმენტი, რაც გვაქვს, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, მეგობრებო.

არავინ არ იცი, როგორ განვითარდება ესა თუ ის დაავადება, ქრონიკული, თუ ა.შ. დამალული ამა თუ იმ ადამიანში, ვინაიდან, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და ამა თუ იმ ადამიანში, სხვადასხვანაირად, ინდივიდუალურად ვითარდება აღნიშნული ინფექცია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მართლაც, არ წარმოვჩინდე ჯანდაცვის ექსპერტად, ვინაიდან ძალიან დილეტანტი ვარ, თუმცა მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ამ შემთხვევაში, მითუმეტეს ჩემი პოზიციიდან, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებს ველაპარაკო ამის აუცილებლობასა და საჭიროებაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები