მალხაზ კობაური განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საკანში გადაიყვანეს

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური მეათე დღეა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან საკანში გადაიყვანეს, რაც ადვოკატების განმარტებით, კანონის დარღვევაა და ეჭვობენ, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება.

​როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, აქამდე კობაური ერთ პიროვნებასთან ერთად ჰყავდათ საკანში და ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა მდგომარეობა შეიცვალა და ის უვადო პატიმრობა მისჯილების საკანში  გადაიყვანეს.

“გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და ამას ჩვენი მხრიდან გარკვეული მოქმედება მოჰყვება. კობაურის ბრალდებულად ცნობა არაფერს ნიშნავს, სანამ მისი დანაშაული არ დადასტურდება მისი მსჯავრდებულების საკანში გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ. ​მიუხედავად იმისა, რომ კობაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას არ განიცდის, როცა უვადო პატიმრებთან ერთ სივრცეში ხარ და მათ ფსიქიკასთან გიწევს ურთიერთობა, ამან შესაძლოა გარკვეულწილად იმოქმედოს კობაურზეც“, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, კობაურმა მათ მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მოპოვებული აქვთ გარკვეული მტკიცებულებები, რომლებსაც მოგვიანებით, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე გაასაჯაროვებენ.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდანგასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური  ფარდაგებით  აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

რაიან და ლორა სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

მსგავსი თემები