“არის შემთხვევები, როცა ვაქცინაციაზე მისულ პირს ექიმი უარს ეუბნება აცრაზე, მოსახლეობას მივმართავთ, უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი, გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები