შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა

სამართალდამცავი ვოვა ჯუღელი წუხელ გარდაიცვალა, ინფორმაცია გივი თარგამაძემ გაავრცელა.

„მძიმე ამბავი შევიტყვე. ერთი საათის წინ კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა მრავალ ბრძოლა გამოვლილი ვოვა ჯუღელი. ნაღდი პოლიციელი. შერიფს ვეძახდი, ზუსტად ამ შემართებით მუშაობდა უმძიმეს პერიოდში გორის სამხარეო პოლიციის უფროსად. ეხლაც მახსოვს – მუდმივად კუთვნილ პიკაპში, მუდმივად მოძრაობაში. ოკუპაციის და შემდგომ უმძიმეს დღეებში ნამდვილ გმირობებს სჩადიოდა. არაერთი ადამიანი გამოსტაცა რუსებს და მარიონეტებს ხელიდან საოკუპაციო ხაზს იქიდანაც კი, სიცოცხლეები გადაარჩინა, თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ვაჟკაცი, პატრიოტი, შეუპოვარი ადამიანი. ძალზედ, ძალზედ დამწუხრებული ვარ. განისვენე მშვიდად, მეგობარო“, – წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ ჯუღელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი 2005-2010 წლებში იყო. 2010 წლიდან ის შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. 2012 წლიდან სოდ-ი გაუქმდა.

ვოვა ჯუღელი 54 წლის იყო.

მსგავსი თემები