ადვოკატები მკვლელობაში ბრალდებული კობაურის 2 დღით, ციხიდან გაყვანას ითხოვენ  

ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის  ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და ამისთვის კობაურის ციხიდან 2 დღით, გაყვანას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ისინი სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართავენ, რათა ექსპერიმენტი მიმდინარე კვირაში ჩატარდეს.

​როგორც ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს უშუალოდ ბრალდებულისა და სხვა პირების მონაწილეობით, რათა დადგინდეს, შეეძლო თუ არა კობაურს იმ წონის ადამიანების, როგორებიც არიან მიკლულები, დამოუკიდებლად გადაადგილება და მათ მიმართ ძალადობა.

ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ გამოძიების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც გაიზომა, თუ რა მანძილზე იყო შესაძლებელი თოფის გასროლის ხმის გაგონება.

​გამოძიებამ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი, როცა შეამოწმეს, რამდენად გაიგებდნენ სხვა პირები გასროლის ხმას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს  ადგილზე მივიტანოთ შესაბამისი ტექნიკა, რომელიც გაზომავს ხმის გავრცელების რადიუსს და ეს არ იქნება დამოკიდებული პოლიციის თანამშრომლების თუ სხვა პირების ჩვენებაზე, გაიგეს მათ გასროლის ხმა თუ არა 1,5 კმ-ის მანძილის დაშორებით”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, ერთ კვირაზე მეტია ადვოკატებს სურთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, თუმცა მათ მოთხოვნაზე საგამოძიებო ორგანო არ რეაგირებს.

” საგამოძიებო ექსპერიმენტი შესაძლებელია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ამას ითვალისწინებს პატიმრობის შესახებ კანონი, რომ 2 დღის ვადით შესაძლებელი იყოს ბრალდებულის ციხიდან გაყვანა.  უნდა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია იმ წონის პირების გადაადგილება იმავე სახით, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს. ექსპერიმენტის ტექნიკურ ნაწილს საკუთარ თავზე ავიღებთ. დღეს მივმართავთ სასამართლოს, რომ მიმდინარე კვირაში ჩატარდეს ექსპერიმენტი. იმედია სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელს არ შეგვიშლის ექსპერიმენტის ჩატარებაში”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ასევე, დასრულდა კომპლექსური ექსპერტიზა.  ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ექსპერტიზის პასუხებით დადასტურდება, რომ კობაურს არანაირი შემხებლობა არ აქვს სმიტების  მკვლელობასთან.

“უსუსურ მდგომარეობაშია ბრალდების მხარე, ხელში მხოლოდ კობაურის პირველი ჩვენება აქვთ. ცოტა ხანში გაიმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც განიხილება, თუ რა სტრატეგიას აირჩევს დაცვის მხარე. ბევრი რამე გახდა საჯარო, აზრი ბევრმა ადამიანმა შეიცვალა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ის რეალური ინფორმაცია, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქმეში არსებობს. არც ერთ ადამიანს არ გაუჩნდება ეჭვი, რომ კობაურმა ეს დანაშაული არა თუ არ ჩაიდინა, ვერ ჩაიდენდა ფიზიკურად. ამიტომ მოვუწოდებთ სასამართლოს, არ შეგვიშალოს ხელი, რომ ყოველმხრივ ობიექტურად იქნეს გამოძიებული აღნიშნული საქმე. იმის გამო,რომ ბრალდების მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას საგამოძიებო ექსპერიმენტების კუთხით, ვაპირებთ ჩვენ მივმართოთ სასამართლოს და მათი განჩინების საფუძველზე ჩატარდეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმედი მაქვს სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატების თქმით, კვლავ უყურადღებოთ რჩება მათი მოთხოვნა მთავარი პროკურატურის მიმართ, რომ სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდანგასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური  ფარდაგებით  აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

რაიან და ლორა სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

მსგავსი თემები