„საველე ჰოსპიტალი განკუთვნილია საომარი მოქმედებებისთვის და არა კოვიდიანი პაციენტებისთვის“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„საველე ჰოსპიტალი სამხედრო დანიშნულებისაა და ის უნდა მართოს სამხედრო ექიმებმა. ეს ასე ხელწამოსაკრავი არ არის. ცალკე მეცნიერებაა, ცალკე მიმართულებაა და კეთილი ვინებოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“ –  აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ და მიზეზებსაც განმარტავს.

დევი ტაბიძე: საველე ჰოსპიტალი არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას და რომელიც იძულებული გავხდებით, რომ გადავდგათ. მაგრამ, ამ ეტაპზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დადგეს საველე ჰოსპიტლების რეალობა და  მოცემულობა.

„მედიაცენტრი მთავარი“: რატომ, რა რისკებსა და პრობლემებს ხედავთ საველე ჰოსპიტლების გახსნით?

დევი ტაბიძე: საველე ჰოსპიტალი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც განკუთვნილია საომარი მოქმედებებისთვის. კი ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ ომში და საომარ პოზიციაში ვიმყოფებით, მაგრამ, ეს ომი განსხვავებულია. რეალურად, საველე ჰოსპიტლებს აქვს თავისი კონკრეტული მენეჯმენტი. პრაქტიკულად, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საველე ჰოსპიტალი არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით აფხაზეთის ომს და ძალიან მცირე მომენტში, ასევე, გაიხსნა 8 აგვისტოს და ისიც პრაქტიკულად, ჰოსპიტალიც არ იყო და ჰოსპიტლის როლსაც ვერ ასრულებდა.

რეალურად, ეს სურათი ძალიან შორს წაგვიყვანს და ძალიან დაგვაცილებს იმ რეალობისგან, რასაც კოვიდის მართვა ჰქვია.

„მედიაცნტრი მთავარი:“ საველე პირობებში ინფექციის გავრცელების შესაძლებლობას უფრო მარტივად ხედავთ?

დევი ტაბიძე: დიახ, ასეა. საველე პირობებში მაღალია ინფექციის გადატანის საშიშროება. წარმოგიდგენიათ, ამ საველე პიროპბებში, სადაც ერთ დიდ დახურულ სივრცეში განთავსდება 100-ზე მეტი პაციენტი სხვადასხვა ჩივილებით და სადაც არ არის დაცული სანიტარული წესები, ვენტილაცია და სხვადასხვა პირობები, არ იქნება.

ამას სჭირდება სპეციალიზებული მართვა. სპეციალური მენეჯმენტი, ამას სჭირდება სამხედრო ექიმების მობილიზება, რომლებსაც ინფექციასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. გეთანხმებით, შეიძლება მივიღოთ დაჭრილები, რაც სამხედრო ჰოსპიტალს ევალება, მაგრამ, არა კოვიდიანი პაციენტი.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როცა საველე ჰოსპიტლების გახსნაზე საუბრობენ, ჩინეთის მაგალითი მოჰყავთ. არ გაამართლა?

დევი ტაბიძე: როცა ამ თემაზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, მითხრეს, რომ ჩინეთში რამდენიმე დღეში აშენდა მოდული. იმ ჩინეთში აშენებულ მოდულში დაცული იყო სანიტარული პირობები და მიუხედავად ამისა, მე-17-ე დღეს იყო პირველი ნიშანი ინფექციის გავრცელებისა და 27-ე დღეს შეაჩერეს მისი ფუნქციონირება. ასე რომ, ჩვენ ამის მართვისთვის მზად არ ვართ.          

საველე ჰოსპიტალი სამხედრო დანიშნულებისაა და ის უნდა მართოს სამხედრო ექიმებმა. ეს ასე ხელწამოსაკრავი არ არის. ცალკე მეცნიერებაა, ცალკე მიმართულებაა და კეთილი ვინებოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი.

სამწუხაროდ, თუ დადგება ამისი აუცილებლობა, რა თქმა უნდა, უნდა გაიშალოს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი დახმარების გასაწევად.   

ინტერვიუ მომზადებულია “მედიაცენტრი მთავარის” მიერ.

მსგავსი თემები