მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესში შესაძლოა ნაფიცი მსაჯულები ჩაერთონ

​ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის  ადვოკატები აპირებენ, სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა მოითხოვონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი დელატი გამოიკვეთა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს.

კობაურის ადვოკატები მოითხოვენ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს ბრალდებულის ადგილზე ჩაყვანით, რაზეც გამოძიება უარს აცხადებს. ამიტომ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ, რომ მათი მეშვეობით მოხდეს ბრალდებულის ადგილზე მიყვანა.

როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კობაური ამჟამად იმყოფება უვადო პატიმრებთან ერთ საკანში, რაც უკვე კანონის დარღვევაა, მის მიმართ ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

“ის ჯერ არ არის გასამართლებული და დაუშვებელია მისი უვადო პატიმრებთან ერთ საკანში ყოფნა. თავად კობაური პირად საუბრებში აცხადებს, რომ მის მიმართ ზემოქმედება არ ხდება, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ის უვადო პატიმრებთან ერთ საკანში ჰყავთ, უკვე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. ​კობაურის პირდაპირი შემხებლობა დანაშაულთან აბსოლუტურად არ დასტურდება, ბრალდების მხარეს ხელში მხოლოდ კობაურის ჩვენება აქვს, რომელიც არ არის თანმიმდევრული და არგუმენტირებული. საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდა საჯარო, მათი დამოკიდებულება ფაქტის მიმართ შეიცვალა, ვცდილობთ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ეს ადამიანი ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს”, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ​ალექსანდრე კობაიძე.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდანგასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური  ფარდაგებით  აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

რაიან და ლორა სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

მსგავსი თემები