უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

„პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა,  ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული ინება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მსგავსი თემები