ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერები არ არის ავთენტური – ექსპერტიზის დასკვნა

კომპანია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის ამსახველი ჩანაწერი, რომელიც მედიასაშაულებებით გადაიცა არ არის ავთენტური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

​როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერების არაავთენტურობა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა.

​ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

“მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო N180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.​

2018 წლის 04 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

მსგავსი თემები