ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ორმა არასამთავრობომ დატოვა – კომისიის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და „სამართლიანი არჩევნების” მხრიდან ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც სპიკერი განმარტავს, კარგი იქნებოდა, ისინიც ყოფილიყვნენ პროცესში ჩართული.

„მოწვეული გვყავდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების გამოცდილება 3-ჯერ მაინც ჰქონდათ. ასევე, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ომბუდსმენიდან ერთი წარმომადგენელი. სამუშაო შეხვედრა შედგა, ჯამში იყო 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე, 2 საერთაშორისო. ამ სამუშაო შეხვედრაზე მათ ჰქონდათ თავიანთ მოსაზრებები და შეხედულებები. 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მივიღეთ დადგენილება და შევიტანეთ დადგენილებაში ცვლილება მათივე რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ეხებოდა საკოორდინაციო საბჭოს წევრების არჩევის საკითხს. დღესაც მიმდინარეობს შეხვედრა, ისინი კვლავ არიან მოწვეულები. ვნახეთ ამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რაც ძალიან სამწუხაროა. პროცესებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, ისინიც ყოფილიყვნენ ამ პროცესში ჩართული“ – განმარტავს იოსელიანი.

მისივე შეფასებით, მზად არიან, ისევ ერთად დასხდნენ და ერთად იმუშაონ.

„ცესკო მოწადინებულია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს და ყველას მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები დააკომპლექტოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვებიან ამ პროცესში“ – აცხადებს პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” დატოვეს. მიზეზი კი გაუმჭვირვალე და არასამართლიანი პროცესები გახდა.

მსგავსი თემები