“მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდშია, ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდშია, ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მალე 200 მილიონს გადააჭარბებს.

„ვიცით, რომ რეალური რიცხვები გაცილებით დიდია. უფრო მეტად გადამდები „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე 132 ქვეყანაშია აღმოჩენილი. შემთხვევების ზრდა არ არის მხოლოდ ბუნებრივი პროცესი. ის იკვებება გაზრდილი სოციალური კონტაქტებით, არათანმიმდევრული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომებით და არათანაბარი ვაქცინაციით,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, სექტემბრის ბოლომდე თავიანთი მოსახლეობის 10% აცრან.

„ჯანმო -ს მიზანია, დაეხმაროს ყველა ქვეყანას, რომ მოსახლეობის 10% სექტემბრის ბოლომდე, მინიმუმ 40% – მიმდინარე წლის ბოლოსთვის აცრას, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის 70% მომავალი წლის შუა პერიოდისთვის იყოს ვაქცინირებული,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ვაქცინაცია პანდემიას ვერ შეაჩერებს.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინები არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი. მართლაც, არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაამარცხებს ამ პანდემიას. ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება მხოლოდ ყოვლისმომცველი მიდგომით, ვაქცინებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების გამოყენებით,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები