“პრეზიდენტის ბოლო განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო” – გახარია

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ კი არის სწორედ ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთში, რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა უკან თუ არ იხევს, ერთ ადგილზე დგას.

„პრეზიდენტის ბოლო განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს არის ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სურვილია ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურული იდენტობით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმები, გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ უკან თუ არ ვიხევთ, ერთ ადგილზე ვდგავართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები