ომის ქრონიკები – (2008 წლის 1 – 5 აგვისტო)

2008 წლის, 1 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა. 

2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა. 

3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს, ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

უკვე 5 აგვისტოს, განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა და რუსულმა მედიამ გადმოსცა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ჩავიდა 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამავე დღეს, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა. პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილები. 

6 აგვისტოს, გაგრძელდა ქართული სოფლების დაბომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კი უარი განაცხადა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.

მსგავსი თემები