“რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, ვაკეთებდი, როდესაც შეუძლებელი გახდა, წამოვედი” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გახარიამ​ რეგიონული ორგანიზაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ისეთ დღეში ვართ, ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება. ახლა რასაც ვუყურებთ, თუ დროზე საქმეს ხელი არ მოვკიდეთ და ამ ქვეყნიდან ძლიერი სახელმწიფო არ შევქმენით; 30 წელი ერთ წრეზე დავდივართ. რაღაც შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი – დაანგრევს, რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა კიდევ ვიღაცა სხვა – დაანგრევს. არ გამოვა ასე. ასე, უბრალოდ, ჩვენს თავს ვიზიანებთ და ჩვენი ბავშვების მომავალს ვაზიანებთ“, – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის და ეფექტურობისთვის თავად მოსახლეობის მხრიდან ამის მოთხოვნა აუცილებელია.

„ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი – ამის იქით სხვა არჩევანი და სხვა გამოსავალი არ არის. ასე ვგეგმავთ და ამ გზას მივუყვებით. აქამდე რაც გვითქვამს, ყოველთვის ის გაგვიკეთებია. წყნარად, მშვიდად – ჯერ მუნიციპალური არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები და საბოლოოდ თავი უნდა დავადგათ ამ ქვეყნისგან ნორმალური სახელმწიფოს შექმნას, ეს არის ჩვენი მიზანი. ვისაც ჩვენი სჯერა და ვინც გვენდობა, ისინი გვერდით დაგვიდგებიან, ვინც არა – ისინი თავის გზას დაადგებიან, არავის არ ვაძალებთ, უბრალოდ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის არის“, – ამბობს გახარია.

გახარიამ თქვა, რომ ახალი პარტია ორიენტირებულია არა დაპირებების გაცემაზე, არამედ მათ შესრულებაზე და მის გუნდს საქმის კეთების გამოცდილება აქვს.

„ამ ქვეყანაში თუ ვინმე პოლიტიკაში ყოფილა – ხალხს უკვე ყველა დაპირება მისცა და ყველაფერი უკვე დაპირებულია. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, საქმე მიკეთებია ყოველთვის.პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ – ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელმაც მერე გლეხზეც უნდა იზრუნოს, კულტურაზეც უნდა იზრუნოს, აფხაზეთზეც უნდა იზრუნოს და ყველაფერზეც უნდა იზრუნოს. ეს არის ჩვენი მიზანი. ამის გაკეთება გვინდა და ვაკეთებთ ისე, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ და ცირკი კი არ მოვაწყოთ, ახლა რაც ხდება, არამედ, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალების მხარდაჭერით სადღაც მივიდეთ“, – ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზზეც ისაუბრა.

„ბევრს ლეგიტიმური კითხვა ექნება, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა,კი წამოვედი“, – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, აპირებს, ყველას ანახოს, რას ნიშნავს, კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას.

„პატარაა ეს ქვეყანა და შესაძლებელია ეს ყველაფერი. უბრალოდ ამას სჭირდება ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და არა ომი ჩხუბი და ლანძღვა – შრომა სჭირდება. ამ ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია – ვერ ააშენებ. ამიტომ ჩვენ მოწოდებული ვარ ახლა მაქსიმალურად მოვახდინოთ ძალების მობილიზება ჯერ მუნიციპალურ არჩევნებში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში და უბრალოდ, ვანახოთ ყველას, რას ნიშნავს კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას, ხალხს და სახელმწიფოს. ეს გაგვიკეთებია, შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდევაც“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები