ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობისთვის იბრძოლებს

არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელა. თავად მერობის კანდიდატი ნდობისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მზადაა, საზოგადოებას ემსახუროს.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან ერთად, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ოზურგეთში.

თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო. ნდობისთვის მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების” ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!“ – აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები