მზარდი კოვიდსტატისტიკის გამო საქართველოში შესაძლოა საველე ჰოსპიტლები მოეწყოს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება კლინიკებში დატვირთვის შესამცირებლად მაქსიმალურად აპირებს კოვიდსასტუმროების ათვისებას და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში განიხილება საველე ჰოსპიტლების მოწყობა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა და  მისი თქმით, არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე. 

“ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთო მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ყველა არის ჩართული.

მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება.“ – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

აქვე, მინისტრი არ გამოირიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა დადგეს.

“არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებებიც საჭირო გახდეს,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები