კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დემსს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობას და მიღწეულ შედეგებს.

ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე.

როგორც რიკ დემსმა განაცხადა, შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ასახულია საარჩევნო კოდექსში.

მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

კახა კუჭავამ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, რიკ დემსმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო თანხმობა, რომ იგი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება, რომელიც სექტემბერში, ათენში გაიმართება.

მსგავსი თემები