სექტემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

„გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაწილი ტექნიკის ღირებულების  იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული.

მინისტრის განმარტებით, საუბარია როგორც წვრილ, ისე მსხვილ ტექნიკაზე 20 000-დან 100 000 ლარამდე და მეტი ღირებულების.   

„გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება – 20,000 ლარამდე ტექნიკის,  საშუალო თანხის მექანიზაციის – ესაა 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000 ლარზე მეტის  ღირებულების შემთხვევაში; აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება,  რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მინისტრის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას  სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს.

პროგრამით დადგენილი პირობით კი  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა  უნდა იყოს ახალი.

„თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა შემდეგი პირობით:  იმ შემთხვევაში, თუ  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების  35%-ს,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში  თანადაფინანსება  ასევე  შეადგენს ღირებულების 35% – ს, ხოლო  თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს,  თანადაფინანსება  განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების  30%.-ით“ – განმარტა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები