„რესტორნის მფლობელმა 14 წლის ბავშვი მიმტანად დაასაქმა და მასზე სექსუალურად იძალადა“ – რა ვიდეო ჩანაწერები დევს საქმეში?

14 წლის გოგო ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მფლობელმა, მიმტანად დაასაქმა, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა, – ამის შესახებ “პრაიმტაიმი” წერს.

თავად ბავშვის ჩვენებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანზე რესტორნის მფლობელმა დ.ც-მ მაშინ იძალადა, როდესაც გოგონა სამსახურის შემდეგ, საკუთარი ავტომობილით სახლში მიჰყავდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„პრაიმტაიმი“ რესტორნის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა – თუ, რატომ მუშაობდა 14 წლის ბავშვი მიმტანად? არღვევდა თუ არა რესტორანი ბავშვის უფლებებს და როგორ გახდა რესტორანში დასაქმებული არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი? რესტორანში განმარტეს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაწესებულების მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა, ხოლო ახალი მენეჯმენტი საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ბრალდებულის ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას ეს ყველაფერი მოუწყეს, თუმცა თუ ვის, ან რატომ შეიძლება დაედო ხელი უდანაშაულო დ.ც-თვის, ამას ადვოკატი არ აკონკრეტებს. ირკვევა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით დევს ვიდეო ჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნის ემოციებია ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის და განიცდის მომხდარს 14 წლის გოგო.

„ეს ვიდეოები მე ვანახე ფსიქოლოგებს. დარწმუნებული ვარ და ამას დავამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული და მოწყობილი. დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ასევე მოთხოვნილი გვაქვს გამავალი ზარების ამონაწერი, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებების მოპოვებაში შეგნებულად გვეშლება ხელი. დ.ც-ს არანაირად არ უძალადია ბავშვზე. პირიქით, გოგონა მას ეუბნებოდა, რომ დედა აიძულებს მუშაობას, რის გამოც თავის მოკვლა უნდა. მან სცადა ბავშვის დამშვიდება და დარწმუნება, რომ ცუდი არაფერი ჩაედინა. ამ დროს თვითონ ბავშვი ჩაეხუტა მას მამა-შვილურად. დ.ც-ს მხრიდან არავითარ გარყვნილ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. თავად ამ ბავშვის დედამ კი იძალადა დ.ც-ს ოჯახის წევრებზე, სცემა 9 წლის ბავშვი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დედა, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ც ბრალი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები