ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო საშიში შტამის გამოჩენა გამორიცხული არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო საშიში შტამის გამოჩენა გამორიცხული არ არის.

მისივე თქმით, რაც მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ასეთი ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინებმა ვერ იმუშაოს.

„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს. რაც მეტი ვარიანტი ჩნდება, მით უფრო იმატებს შანსი, რომ ერთ-ერთმა შტამმა შეძლოს ვაქცინების დაცვის გარღვევა და ჩვენ ისევ დავბრუნდებით პანდემიის დასაწყისში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მოუწოდა დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ კოლექტიური ნება და ერთად იმოქმედონ პანდემიისგან კაცობრიობის გადასარჩენად.

„წამყვანი ქვეყნები თუ მოინდომებენ, პანდემიის გაკონტროლებას რამდენიმე თვეში შეძლებენ. ამისთვის აუცილებელია ვაქცინების გაზიარება და აცრების წარმოების ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მიიჩნევს, რომ პანდემიის დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ მომავალი წლის შუა პერიოდისთვის პლანეტის მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილი იქნება.

მსგავსი თემები