“ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

“შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით,” – ამის შესახებ საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ-კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი” შემოვიდა – ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია.

“მილიონ-ნახევარი ვაქცინა ადგილზეა, მილიონნახევარი გზაშია და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, მშობლების და შვილების.

მეორეს მხრივ, ეკონომიკის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მე მინდა, რომ წინასწარ პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. ჩვენ, დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები