“ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.7 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მაისთან შედარებით ფასები 5.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში -0.8 პროცენტით ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

„ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -4.2 პროცენტიანი კლება სასმელებზე. გარდა ამისა, ფასების 1.0 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.11 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 5.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ქვეჯგუფზე (150.4 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.56 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.0 პროცენტი), მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით (107.8 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (28.7 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

მსგავსი თემები