“რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, “ნაციონალურ მოძრაობას” მაინც მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, “ნაციონალურმა მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მაინც მოუწევს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს “რადიკალურ ოპოზიციას თითი დაუქნია” და შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. 

“რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოო ჯამში, კონტექსტის და პოლიტიკური სუბიექტის ვალდებულების გათვალისწინებით ქვეყნის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე მოუწევს ხელმოწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. იგივეს ვიმეორებთ დღესაც, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ დღეს ფაქტობრივად, შარლ მიშელმა, რადიკალური ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს თითი დაუქნია და უთხრა, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებაზე. აქედან გამომდინარე, დღესაც იგივეს ვიმეორებ –
“ნაციონალურ მოძრაობას”, ყველაფრის მიუხედავად მოუწევს შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა. რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება, არის მათი მხრიდან იმის უზრუნველსაყოფად, რომ იძულებული არ გახდნენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იკადრონ, რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, მაინც მოუწევთ დოკუმენტზე ხელმოწერა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები