ტაქსის ფერზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის უსაფრთხოების განცდაა – ეკა ლალიაშვილი  

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ კერძო ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმის პირველ და მეორე ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა ავტომობილის ფერზე, არამედ მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებაზე.

როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, თბილისის მერიამ რეფორმის განხორციელებისას უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ კერძო ტაქსების მძღოლებს ისე არ გაურთულოს პირობები, რომ ისინი ვერ დააკმაყოფილონ და იძულებულნი გახდნენ ბაზარი დატოვონ.

“ფერი არის ვიზუალის ნაწილი და ძალიან სასიხარულოა, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მძღოლები მიიღებენ ვაუჩერს და უფასოდ გადაღებავენ თავიანთ ავტომობილს. კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე. გადაღებვა კარგი შეღავათია და მძღოლებს აღარ დასჭირდებათ დამატებითი ხარჯის გაღება, თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამ სფეროში დარჩენაზე. მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა გავიაზროთ, კერძოდ, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის არ არის ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე. ეს დამატებით დანახარჯს არ საჭიროებს, სამაგიეროდ ზრდის უსაფრთხოების განცდა”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, რადგან კერძო ტაქსების ფერთან დაკავშირებით დაფიქსირდა საზოგადოების პროტესტი, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეაგირებს მოქალაქეების მოთხოვნაზე.

“ეს რთული პროცესია, თუმცა, რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ იმ ადამიანების მხარდაჭერა არ იქნება, რომლებიც რეალურად არსებობენ ამ ბაზარზე, ამიტომ მათ ისე არ უნდა გავურთულოთ პირობები, რომ ვერ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები”, – მიაჩნია ეკა ლალიაშვილს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში რეგისტრირებული კერძო ტაქსის მფლობელებს ავტომობილებს თეთრად, უფასოდ გადაუღებავენ. ავტომობილის შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი. მათ, ასევე, უფასოდ გადასცემენ ავტომობილის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს. ​

მსგავსი თემები