26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა.

ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

როგორც შუკაკიძე განმარტავს, პატიმრის მოკითხვისას უთხრეს, რომ თორდუა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ თორდუას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა. თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი, ადვოკატის თქმით, უცნობია.

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები