“მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო” – ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი და რთული კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და ჯანმრთელობაშელახული რომ არ ყოფილიყო. აღნიშნულის შესახებ გეჯაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე შესაძლოა, სამედიცინო კომისია შეიქმნას.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს… ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, ხომ არ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან მომწამვლელი ნივთიერება და ხომ არ აქვს ადგილი მომწამვლელ ზემოქმედებას, ასევე პასუხი უნდა გაეცეს სიკვდილის ხანდაზმულობას“, – აცხადებს გეჯაძე.

კითხვაზე, გარდაიცვლებოდა თუ არა, ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი რომ არ ყოფილიყო, ექსპერტი პასუხობს, რომ ეს ყველაზე მთავარი კითხვაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაზეც მოსაწვევი იქნება ალბათ, ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, შესაძლებელია, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი და ამაზე ერთად, კომისიურ ფრომატში უნდა ვიმსჯელოთ. რაც თქვენ დამისვით, ეს არის ყველაზე მთავარი, რთული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მანამდე ველოდებით შინაგანი ორგანოების ჰისტოპათომორფოლოგიური, ჰისტოქიმიური კვლევის შედეგებს, ეს შედეგები რომ გვექნება და გამოყოფილი იქნებიან დამატებით კომისიის წევრები, ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტებს ვგულისხმობ, მერე დავსხდებით ყველა და ვიმსჯელებთ. ამ ექსპერტიზის ფარგლებში ჯერ ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, მერე გადაწყდება, როგორ ვიქცევით – ამ ექსპერტიზის ფარგლებშივე მოვიწვევთ ამ სპეციალისტებს, თუ ვიტყვით, რომ სიკვდილის მიზეზს ვერ ვადგენთ ამ ეტაპზე და დასადგენად საჭიროა სპეციალისტების მოწვევა და ერთობლივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება“, – აცხადებს გეჯაძე.

მისივე თქმით, ასევე უნდა დადგინდეს, თუ რა ურთიერთზეგავლენა აქვს იმ პრეპარატებს, რაც ლაშქარავას შესაძლოა, მიღებული ჰქონდა.

„პასუხი უნდა გაეცეს, ჯერ ის ნარკოტიკული ნივთიერებები ერთმანეთთან როგორ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან, როგორ აძლიერებენ ეფექტს, ტრავმის შემდეგი სისხლი, რბილი ქსოვილების, კუნთების, თვალბუდის შეშუპება, მას რა გართულებების გამოწვევა შეეძლო, ამ გართულებებს ნარკოტიკების მიღების შემთხვევაშიც კი ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით შეეძლო თუ არა ერთობლიობაში გამოეწვია დამდგარი შედეგი და ა.შ. საკმაოდ ბევრი საკითხია გასარკვევი.

ჩვენ გვაინტერესებს, პრეპარატებს, რაც მას ჰქონდა მიღებული, რა ურთიერთზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე, აძლიერებენ, თუ ასუსტებენ გარკვეულ მოვლენებს ორგანიზმში, თუ პირიქით. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს, სიკვდილის დროს, ხანდაზმულობას“, – აცხადებს გეჯაძე.

მისივე თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს არანაკლებ ერთი თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მსგავსი თემები