“ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 20 000-მდე ადამიანი, რაც აქამდე მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია უფრო დაგვაახლოებს მიზანს” – ივანე ჩხაიძე

ჩვენთვის ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 15-20 000 ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მიზანს, – ასე ეხმაურება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე 16 ივლისიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებას.

როგორც ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, შესაძლოა, რეგისტრაციისას ტექნიკური ხარვეზები იყოს, თუმცა ეს წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში მინიმუმ 200 000 დოზა ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი მოლოდინი ჩვენს მოსახლეობას და სამედიცინო პერსონალს ჰქონდა სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამ ვაქცინის შემოსვლა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეცვლის ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას. ჩვენთვის სამიზნე რიცხვი იყო 15-20 000 ადამიანი, რაც წინა დღეების მონაცემებით მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, 16 ივლისი იქნება სრულად განსხვავებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მიზანს. ტექნიკური ხარვეზის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს და შესაძლოა იყო, მაგრამ ეს წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად გვარდება და ხელს არ შეუშლის რეგისტრაციის პროცესს. 5 ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად იყო ყოველდღიურად 15-20 000 ადამიანის მისაღებად, ამიტომ პრობლემა არ უნდა შეიქმნას. გარდა ამისა, გვაქვს სარეზერვო სივრცეები, მაგალითად „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე არსებული დიდი სივრცე ვაქცინაციისათვის. ამიტომ, თუ ვაქცინა არის, ჩვენი შესაძლებლობები ამას შეესაბამება. შეიძლება გარკვეული დაბრკოლება იყოს 1-2 დღის განმავლობაში, მაგრამ ნამდვილად მოგვარებადია. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, პერსონალის გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება.

როგორც ვიცით, ერთჯერადად მილიონი დოზა არ უნდა შემოვიდეს, მილიონი დოზა უნდა შემოსულიყო 3 სხვადასხვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობით. ახლა რამდენია შემოსული ზუსტად არ ვიცი, თუმცა საუბარია მინიმუმ 200 000 დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის ვაქცინაცია შეგვიძლია ერთდროულად „​ფაიზერის“​ ვაქცინით. მოსალოდნელია, რომ იყოს ზედმეტი მოთხოვნა რეგისტრაციის პროცესის თვალსაზრისით. მინდა დავიტოვო იმედი, რომ თუ იქნება ტექნიკური ხარვეზი, ეს იქნება მხოლოდ დროებითი. შესაძლებლობა, რომ ვინმე დარეგისტრირდეს და არ დახვდეს მზა კაბინეტი ან ექიმი, ამას გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, “pfizer”-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები