“ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას” – ამირან გამყრელიძე

ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე, ასევე კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა – ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო პარმენ კახიძე ჩვენი თაობის დროს, როცა ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ამირან გამყრელიძეს შეკითხვა დაუსვეს, ვინ მიაჩნია მომხდარზე პასუხისმგებლად.

„იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები