“ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც” – კახა კალაძე

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.

„კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. მეტი სიყვარული, პატივისცემა არის საჭირო. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები