ოპერატორის გარდაცვალების საქმეში საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება. პრემიერის შეფასებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს.

განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს. გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში.ამას გარდა, ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება საქმეში, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები