„ქაჯივით, ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია“, – ლევან ვასაძე კელი დეგნანზე

საზოგადოებრივი მოძრობა „ერის“ ხელმძღვანელი ლევან ვასაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოხატავს და აცხადებს, რომ რომ არა ზოგიერთები, ვინც ბოლომდე „აწვებოდნენ“ „პრაიდის“ ღონისძიება რომ ჩატარებულიყო, ის ახლა ცოცხალი იქნებოდა.

„მინდა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო. მე ვილოცებ მისი სულისათვის. სანამ მე ჩემს დაავადებას და დიაგნოსტიკას ვებრძვი, რამდენიმე დღით ბინაში გამომწერეს, თუმცა ისევ უნდა დავბრუნდე. ჩემთვის ასეთი ამბის მოსმენა უმძიმესია. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად სახელმწიფო დონეზე უნდა გაირკვეს თუ რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას, რატო დაიღუპა ის მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა. სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა, თავისუფლად დადიოდა, რატომ მოხდა ეს მაინცადამაინც მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული „პრაიდის“ გარშემო ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი ჩაცხრობისა და ჩაწყნარებისკენ წავიდა. რა დაემართა მას და რისგან გარდაიცვალა ის, სახელმწიფომ ზუსტად უნდა დაადგინოს“, – განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძე ამ ტრაგედიაში იმ ადამიანების პასუხისმგებლობას ხედავს, რომლებიც „პრაიდის“ ღონისძიების ჩატარებას ბოლომდე „აწვებოდნენ“, მათ შორის ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი.   

„ჩემი ღრმა რწმენის და დიდი ალბათობით ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში, აქ მახსენდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც, მიუხედავად ჩვენი მოქალაქეების ასიათასობით სოციალურ ქსელში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, ასევე მიუხედავად ჩვენი ეკლესიის და ყველა ტრადიციული ძირითადი რელიგიის დენომინაციის ლიდერების მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია“, – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი თემები