კლინიკაში აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერეს

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეს რეგულირების სააგენტოც სწავლობს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი აცხადებს, როცა ლექსო კლინიკიდან გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა გიორგი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 ადამიანი.

მსგავსი თემები