გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც ერთვება

„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, გარდაცვლილ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც დაესწრება. თუმცა, ამ ეტაპისთვის გეჯაძე ვერ ახერხებს პროცედურებში ჩართვას.

ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, თუმცა, მას ჯერ-ჯერობით უარი უთხრეს შესაბამის პროცედურებში მონაწილეობაზე, რადგანაც ექსპერტიზის ბიუროს შსს-დან შესაბამისი წერილი არ მიუღია.

როგორც თავად ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, უწყების გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა მას უფლებას ესქპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს.  

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 ადამიანი.

მსგავსი თემები