ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი წარუდგინეს.

„რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ბრალდებულმა – 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კიდევ ერთ პირს – ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე წარედგინა. რომელიც 8 ივლისს დაკავდა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე“ – აცხადებენ უწყებაში.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

მსგავსი თემები