„სხვა ვაქცინის მოლოდინში ოქროს დღეები იკარგება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, ადამიანები, ვინც „სხვა“ ვაქცინას ელოდებიან, ე.წ. ოქროს დღეებს კარგავენ. აღნიშნული განცხადება პროფესორმა  „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

„ჩვენი მოსახლეობის არცთუ ისე ცოტა ნაწილი ამბობს, რომ ელოდება სხვა ვაქცინას, ეს არის „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ მოლოდინში „ოქროს დღეები“ იკარგება“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, კორონავირუსის არსებული ყველა შტამის მიმართ ეფექტურია.  

„ორჯერადი ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ პირველსა და მეორე ვაქცინას შორის ორ-სამკვირიანი პერიოდია და მეორე ვაქცინის შემდეგ კიდევ ორი კვირა სჭირდება ორგანიზმს, რომ სრულფასოვანი და მაქსიმალური იმუნური პასუხი გამოიმუშაოს. ასე რომ, ერთთვიანი ლოდინი და კიდევ ერთი თვის გადადება „ფაიზერის“ ვაქცინის მოლოდინში, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან არასწორი ნაბიჯია. ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, რომელიც ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ, ასევე არის იმ ვაქცინების ჩამონათვალში, რომლებიც ეფექტურია კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ. ვაქცინაციის გადადებაზე ლაპარაკი და სხვა ვაქცინების მოლოდინი ძალიან არასწორი არჩევანია და დიდი რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ „ინდური ვარიანტის“ გავრცელების სისწრაფეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები