„სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებას რეაგირება მოჰყვება“ – მეუფე შიო  

„ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას. სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. ლგბტ მარშის საწინააღმდეგოდ შეკრებილებმა ანგარიშსწორება მედიის მისამართით განახორციელეს. ნაცემია რამდენიმე ჟურნალისტი.

მეუფე შო ინიციატივით გამოდის, კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი რელიგიურ და ერობრივ გრძნობებთან დაკავშირებით.

„ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება“, – განაცხადა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ.  

მსგავსი თემები