“თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას ბავშვებში, ისინი მუდამ დარჩებიან ინფექციის გამავრცელებლად” – ივანე ჩხაიძის განმარტება

გამოვლინდა, თუ არა ე.წ. დელტა შტამი მოზარდებში საქართველოში – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული შტამით ინფიცირება ბავშვებში უკვე იყოს.

“რამდენადაც ვიცი, 20 შემთხვევა, რომელიც დღეისათვის საქართველოში დადასტურებულია დელტა შტამის არსებობა, ამ 20 ადამიანში არცერთი ბავშვი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყველა დელტა ვარიანტით ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ამას.

დელტა ვარიანტის აგრესიულობა გამოიხატება სწორედ უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში. ასე რომ სავსებით დასაშვებია საქართველოში უკვე იყოს ისეთი ბავშვი, რომელიც ამ ვარიანტით არის ინფიცირებული, თუმცა ამის ლაბორატორიული დადასტურება დღესდღეობით არ გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვარიანტს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი აქვს მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეიძლება გახდეს ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი, რა თქმა უნდა, ის ბავშვებშიც იქნება იდენტიფიცირებული,” – აღნიშნა ჩხაიძე “დღის კურიერის” ეთერში.

მისი თქმით, მნიშვნელოვნია ქვეყანაში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს.

“თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას ბავშვებში, ისინი მუდამ დარჩებიან ინფექციის გამავრცელებლად. დღეისათვის ეს პრიორიტეტი ჩვენ ქვეყანაში არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, Pfizer-მა ოფიციალურად შეცვალა ასაკობრივი ჯგუფი, და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლიდან ზემოთ აცრიან. იგივეს გეგმავენ სხვა კომპანიებიც.

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, პანდემიის დასასრული გადის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

მსგავსი თემები