“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი.

მათი დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას.

ვაჟა სირაძის შეფასებით, ამ დროისთვის ადგილზე ვითარება მშვიდია.

“პოლიცია აკონტროლებს სრულად ვითარებას. მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი. სიტყვის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. პოლიცია კანონს დაიცავს და მოვალეობას სრულად შეასრულებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვაჟა სირაძემ.

შეგახსნებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს. პარალელურად აქციას მართავს ღონისძიების მოწინააღმდეგე ჯგუფი, სადაც რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. “პრაიდის” მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებთან მიახლოებას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციაზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ისროდნენ ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს.

მსგავსი თემები