„ჩვენი დასაცავი გახდა „ქართული ოცნება“ – გიორგი გახარია აშშ-ში ვიზიტზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის,  გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას, მმართველი გუნდი მისი დასაცავი გახდა. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მარტივ რაღაცას გეტყვით, ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“. არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯები, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ. თავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ. რამდენიმე საკითხი შემიძლია, ახლა არ ჩამოვთვლი აქ, როდესაც „ქართული ოცნება“, შესაბამისად, სახელწიფო, ჩვენი დასაცავი გახდა“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ვინც სახელმწიფოებრივად მოქმედებს, მასთან თვალის გასწორების პრობლემა არ არსებობს.   

„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ოკუპაცია ხომ არის ზეპარტიული საკითხი. ისევე, როგორცვ ვაქცინაცია და ვირუსთან ბრძოლა ზეპარტიული საკითხებია. მერწმუნეთ, რომ იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები უკვე შეთანხმდნენ, რომ დეოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი მიზანია, ეს პარტიები რაზე ჩხუბობენ, დავობენ და ჭორაობენ, მე არ მესმის. საბოლოო ჯამში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია, ვინც სახელწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ჩვენ არანაირი კომპლექსი არავისთან და სიმართლისთვის თვალის გასწორების არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები