“სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას” – ანრი ოხანაშვილის ირონია დეპუტატებს, ვინც დარბაზი დატოვა

დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომიტეტი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს იხილავდა, რომელმაც პარლამენტში, ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია კი მოსამართლეების არჩევნის წინააღმდეგია, რადგან მათი შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ პროცესს, კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.  მაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეუერთდნენ.

ამ ყველაფერს კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით, ვინ ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო“ – ასე ირონიულად მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციის წევრებს.

სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ: ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე,  თაკო ჩარკვიანი, ბაჩუკი ქარდავა, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი და გრიგოლ გეგელია.

მსგავსი თემები