შრომის უსაფრთხოების დარღვევისთვის ჯარიმა შესაძლოა 2000 ლარამდე გაიზარდოს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის პაკეტს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში, სამუშაო ადგილზე მყოფი პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია.

კანონპროექტით, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრება. გაძლიერდება შრომის ინსპექცია  და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორები უპირობოდ დაიშვებიან. პროექტით, შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება და შეტყობინებებზე რეაგირებისთვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.

​კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სახდელები. მკაცრდება სანქციები ზედამხედველი ორგანოს საქმიანობის შეფერხებისთვის და გაფრთხილების ნაცვლად დამსაქმებელს უწესებს ჯარიმას შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ოდენობის მიხედვით და მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს. ამგვარი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მოქმედი კანონით განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად, რომელიც შეადგენდა 1000 ლარს, პროექტის მიხედვით დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობა.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს ევროსაბჭოს 89/391/EEC დირექტივის ყველა მოთხოვნას, რომლის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებით აქვს აღებული. კანონი ორგანული კანონის სტატუსს იძენს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს.

„ეს არის ახალი ინსტიტუცია. ერთობლივი გადასაწყვეტია როგორ მექანიზმებს შევქმნით, როგორ დავნერგავთ ამ სტრუქტურის ფუნქციონირებას და შრომის ინსპექტირების და შრომის უსაფრთხოების დაცვის როგორ კულტურას შევქმნით როგორც დამსაქმებლების ისე, დასაქმებულების მხრიდან. ეს სტრუქტურა უნდა იყოს პარტნიორი როგორც დასაქმებულებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვის“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

მსგავსი თემები