ჟენევის დისკუსიის მორიგი, მწვავე შეხვედრა დღეს გაიმართება

უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი როგორც აფხაზეთის საპატიმროები, ისე ცხინვალის იზოლატორში; მათი უპირობო გათავისუფლება; გადაადგილების თავისუფლება; დევნილთა დაბრუნება – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე შეხვედრაზე დღეს იმსჯელებენ.

ჟენევის მორიგი დისკუსია სწორედ დღეს გაიხსნება. ასევე, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება.

ქართული მხარე აპირებს, მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება.

„ჟენევის მოლაპარაკებები არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან დაკავებულები, ბატონი გახელაძე, ასევე ყველა სხვა შემთხვევა, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, ეს ყოველთვის მძიმე ფონს ქმნის მოლაპარაკებათა რაუნდებზე. შესაბამისად, ეს რაუნდიც საკმაოდ მძიმე იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მსგავსი თემები