ლევილის მამულის მართვა კულტურის სამინისტრის გადეცა

საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართული აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის ქართული მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის სამინისტროს გადააბარა. 

საორგანიზაციო სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი უძღვებოდა. სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ისტორიული მამულის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე შედის იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შემუშავდეს ლევილის ქართული აკადემიის დამტკიცებული კონცეფცია-პროექტი, შესაბამისად უმჯობესია, საკითხის მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტის გათვალისწინებით, ამ სამუშაოებს კულტურის სამინისტრო წარუძღვეს. 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. 

2021 წლის 27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვივნენ, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ „ორანჟერიის პროექტის“ პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. 

ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პოექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. 
ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“, რის შედეგადაც, ორანჟერიის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

მეორე – „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2024 წელს მოხდება. მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

მსგავსი თემები