დახურულ სივრცესა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე არსებული სანქციები, ძალაში რჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება; საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ 00:00 საათამდე, აგრეთვე, სასტუმროებს სტუმრებისთვის შეეძლებათ 00:00 საათამდე ამუშაონ რესტორნები, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა ძალაში რჩება.

„დახურულ სივრცესა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ის სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, ძალაში დარჩება; როგორც კი გამოქვეყნდება მთავრობის შესაბამისი დადგენილება, მისი გამოქვეყნებისთანავე ეს დადგენილება შედის ძალაში და მოქალაქეები შეძლებენ პირბადის ტარების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელონ; 00:00 საათამდე მუშაობის განრიგი ეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომელთაც ისედაც ეხებოდათ რეგულაციები. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ღამის კლუბების მუშაობა მთლიანად აკრძალულია,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, 00:00 საათამდე მუშაობასთან დაკავშირებით რეგულაცია შეეხება საკურორტო სეზონებზე არსებულ ღია დაწესებულებებსაც.

„ვნახოთ, სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. საბჭოს ყველა სხდომაზე განიხილება რეგულაციების შემსუბუქების საკითხი. ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა რეგულაცია და ის მინიმუმი, რაც არის ცხადია, განსჯის საგანი იქნება და იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები. საბჭოს ყველა სხდომაზე განიხილება ეპიდვითარება და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი თემები